აი, შენ საჩუქარი…

დღეს შობაა, გილოცავთ! ალბათ თქვენც, ისევე როგორც მე გაჭირვებით, მაგრამ მაინც გმირულად გადააგორეთ წინა საახალწლო და ახალი წლის პირველი დღეები.
აი, მე კი ძალიან არ მიყვარს ახალი წელი. ვერ ვხვდები, რა არის საზეიმო და ვერც იმას ვხვდები, რატომ უნდა გაიშალოს სუფრა მაინცდამაინც გაგანია შობის მარხვის დღეებში (საქართველოში ხომ ყოველი მესამე მაინც წელიწადში რამდენჯერმე ინახავს მარხვას. მართალია, მისი არსი ბოლომდე ცოტას თუ ესმის, მაგრამ რაც მთავარია, მოდად ქცეულს წესს აქტიურად იცავენ). ერთადერთი, რაც ახალ წელს მახარებს, საჩუქრების გაცემაა. საჩუქრები მეზობლებისთვის, გერმანიაში მცხოვრები ბებიისთვის (მართალია, მას საშობაო საჩუქარს რამდენიმე თვის დაგვიანებით ვაძლევს, მაგრამ ეს არაფერი! )კანტიკუნტად შემორჩენილი მეგობრებისთვის, ძაღლისთვის… მახარებს, როცა ადამიანებს თვალები უბრწყინდებათ. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, 20 თეთრიან ,,ხლაპუშკას” ხედავენ თუ რომელიმე ძვირფას ვაიუველირო ნაწარმს… (მათთვის, ვისთვისაც საჩუქრის ფასს მნიშვლელობა აქვს, ჩემს სამეგობრო-საახლობლო-სამეზობლო წრეში არ ირიცხებიან) წელსაც როგორც იტყვიან, ჩემი გავისწორე და ალბათ ამდენი საჩუქარი არც ერთ ახალ წელს არ დამირიგებია. მათი შემხედვარე კი ისეთი ბედნიერი ვიყავი… რა ვქნა, მირჩევნია, მე ვიყო საჩუქრის ადრესანტი და ასე გავბედნიერდე.
არც კი ვიცი, ახლა ამ პოსტს რატომ ვწერ, იმედი მაქვს, ძალიან ძალიან ბევრი საშობაო საჩუქარი მიიღეთ და თქვენც გაეცით სიყვარულისა და სიხარულის პატარა ნაწილი… იმის იმედიც მაქვს, რომ მომავალ წელს გაცილებით მეტს გასცემთ და უფრო გაბედნიერდებით. იმასაც ვიმედოვნებ, რომ თქვენთვის ისევე როგორ ჩემთვის, საჩუქრის გაცემა გაცილებით მბნიშვნელოვანია, ვიდრე მიღება ასე რომ, გაეცით, არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება ეს…

Posted in Uncategorized | Leave a comment

,,რიჟიკა” და სექსუალური…

ჩემი ფანჯრები დაბურულია, ხანდახან სინათლე ძალიან მაღიზიანებს, ამიტომ ავდექი და ჩავამუქე… ახლაც ჩემს ჩამუქებულ ოთახში ვზივარ და თავში ათასი აზრი მომდის. თუმცა ათასივე ერთსა და იმავეს გარშემო ტრიალებს. ის ,,ერთი და იგივე” კი ჩემი კოლეგაა, ერთ დაწესებულებაში ვმუშაობთ… ერთ დღეს, სამსახურში ვიღაცის დახმარება დამჭირდა და მასთან მიმაგზავნეს. არ ვიცი, ყველას ეხმარებოდა თუ უბრალოდ მის გარდა ვერავინ მირჩიეს, მივედი კი. ვერ გეტყვით, რომ აღფრთოვანდა. (მაშინვე გამოვრიცხე,რომ ყველას ეხმარებოდა) მერე გავიგე, რომ ეს საქმე მას არ ეხებოდა, მაგრამ ვინაიდან ის ვინმე, ვისაც ეხებოდა, სამსახურში არ იყო, იძულებული გახდა, დამხმარებოდა. მას შემდეგ, გამარჯობას ვეუბნები. ხანდახან ერთადაც ვსადილობთ. ბოლო დროს კი მასთან გაცილებით მეტი დროის გატარება მიწევს და შევამჩნიე, რომ ძალიან ვნებიანია (ჰოი, სულო ცოდვილო, ჩემი ასაკის ქალიშვილი ამას კი არ უნდა ამბობდეს, მაგრამ რაღა დროს ქალიშვილობაა და თან როგორც ამბობენ, ოცდამეერთე საუკუნეც მოვიდა)…

თვე პირველი:
_ გამარჯობა,
_ გაგიმარჯოს, რა ქენი, ჩააბარე საბუთები?
_ კი, ყველაფერი გამოვიდა, დიდი მადლობა
_ არაფრის, თუ რამე დაგჭირდება, აქ ვარ ისევ…
_ გმადლობ! _ ვამბობ და ღიმილით ავდივარ კიბეებზე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დახმარება კიდევ მჭირდება, მასთან აღარ მივდივარ, ის კომპეტენტური ტიპი სამსახურში უკვე დაბრუნდა.

თვე მეორე:
_ პრივეტ.
_ პრივეტ!

თვე მესამე:
_ ვახ, შენც მოგშივდა?
_ ჰო, ხანდახან მემართება ხოლმე.
_ წამოდი, იმ მაგიდაზე დავსხდეთ, ჰო მართლა, რას შვრები იმ საბუთებზე? აღარ ატარებ აღრიცხვას?
_ ჯერ არა, არ დაუვალებიათ… _ თუმცა მალევე დამავალეს და ახლა მის გვერდით ზვივარ და საბუთებს ჩავკირკიტებ, ამჯერად ის არ მეხმარება.

თვე მეოთხე:
ამ თვეს არც რამე დაუვალებიათ და არც ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს.

თვე მეხუთე:
შევამჩნიე, რომ ქალებს კომპლიმენტებს ეუბნება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ არც ერთი ქალი სერიოზულად არ შეხედავს მის კომპლიმენტს.

თვე მეხუთე:
_ სადაც წავალ, სულ იქ როგორ უნდა იყო? _ ღიმილით მეუბნება (კიდევ კარგი) და ბარის კარში პირველს მატარებს.
_ მეგობრებს მოვაკითხე, შენც მოიცალე, გასართობად?
_ ჰო… _ მოკლედ მპასუხობს და ვიცი, რომ აქ აააუცილებლად ქალს შეხვდება და სულაც არ უნდა, მისი პარტნიორი მეც ვნახო. ამიტომ, მე ჩემს გოგონებს ვეძებ, ის კი მარტო ჯდება. იმედია, მალე შემოუერთდებიან, ჩემს მაგიდასთან ხომ არ მივიპატიჟებ?

თვე მეხუთე 2:
_ როგორი დრო გაატარე გუშინ? _ მიღიმის და თვალს მიკრავს.
_ მშვენიერი, შენ? რომ დავჯექი, თვალი ვეღარ მოგკარი მერე (უეჭველად სხვა მაგიდასთან გადაჯდა, ხომ ვთქვი, არ უნდოდა, მისი ქალი მენახა!)…
_ მალევე წავედი სახლში, ვერ გავერთე…
_ (თავს დავდებ, რომ ტყუი! სახლში მალევე რომ წასულიყავი, ასეთი უძილო გამომეტყველება არ გექნებოდა)! _ აა, გასაგებია _ ვიღიმი და კაბინეტის კარს ვაღებ.

თვე მეექვსე:
_ მოდიხარ დღეს რესტორანში?
_ კი, მაგას როგორ გამოვტოვებ? _ თავს ვუქნევ და მეღიმება!
_ ახლა სად მიდიხარ?
_ სახლში, უნდა მოვემზადო, ასეთ ფორმაში ხომ ვერ წამოვალ? აბა, გავიქეცი! _ და მართლაც გავრბივარ სახლში, რადგან შეიძლება, მომზადება ვეღარ მოვასწრო. არა და, ამ რესტორანში ჩემი ყველა თანამშრომელი იქნება (კორპორატიული ღონისძიება (ღვინისძიება)). იმ საღამოს პირველად ვამჩნევ, რომ გამოხედვით ქალებს აშიშვლებს. ნუ, ყოველ შემთხვევაში, მე რომ შემომხედა, სახეზე ალმურმა ამკრა, (ბედი ჩემი, არასოდეს ვწითლდები). სხვათა შორის, აღნიშნა, რომ ძალიან კარგად გამოვიყურები. მდაააა…

თვე მეექვსე 2:
_ ნინა, ყოფილა შემთხვევა, რომ ბიჭი მოგწონებია, რომელიც არც გარეგნობით გამოირჩევა და არც მის პიროვნულ თვისებებს იცნობ წესიერად? _ დღეს კვირაა, ასე რომ თავისუფლად შემიძლია, ლოგინში წამოკოტრიალებული ვესაუბრებოდეს ჩემს დაქალს, რომელიც მოუცლელობის მიზეზით კვირაზე მეტია, არ მინახავს. სამაგიეროდ, როგორც კი ვინმე ახალი (რა თქმა უნდა, მამაკაცებს ვგულისხობ) გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, საქმის კურსშია. ნინამ ყველაფერი იცის, ვინ ვის როგორ და რანაირად მოსწონს….
_ სექსუალურია? რამ მოგხიბლა?
_ ნუუ, ერთი შეხედვით, ვითომ არაფერი, მაგრამ ხანდახან ისეთ სექსუალობას ასხივებს… _ ნინამ კარგად იცის, თუ როგორ მიყვარს, ფარული სექსუალობის (თავად ასე უწოდებს) მატარებელი მამაკაცები.
_ მდააა, და როგორი ბიჭია, რო?
_ არც როგორი! ,,რიჟა” და არც ისე მაღალი. უფრო ძლიერი დადებითი არგუმენტიც უმალ მომყავს. _ ჰო, მართლა, კარგი იუმორის გრძნობა აქვს! _ აბა, მისი ,,რიჟაობა” როგორმე ხომ უნდა მივჩქმალო?
_ მდააა… _ ნინას ეს ,,მდააა” უკვე ნერვებს მიშლის! _ და რა გინდა მისგან? _ აი, აქ პირველად ვფიქრდები, მართლაც და, რა მინდა მისგან?
_ არაფერი, უბრალოდ მომწონს…
_ და ასე უბრალოდ უნდა უყურო მანამ, სანამ ვინმეს არ იპოვის?
_ აბა, რა ვქნა, ზედ ხომ არ მივახტები?
_ მოვიფიქროთ რამე… _ თუმცა მეც და ნინამაც კარგად ვიცით, რომ არაფერის მომფიქრებლები არ ვართ და ტყუილ იმედს ვაძლევთ ერთმანეთს, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა, თავადვე დაინტერესდეს ჩემით და მსგავსი სისულელეები..

თვე მეექვსე 3:
მას ვერც ისე ხშირად ვხედავ, თუმცა ისევ ისე მომწონს, როგორც ადრე მომწონდა.

თვე მეშვიდე 4:
საღამოს ტრანსპორტში ავედი და ქალაქის მთავარ ქუჩაზე გავედი, საღამოს ,,გულიანკა” მაქვს. მოულოდნელად საკუთარი სახელი შემომესმა. უკან რომ მოვიხედე, ,,რიჟიკა” იდგა და იღიმოდა.
_ რა მარტო დადიხარ?
_ აბა, ვისთან ერთად უნდა ვიარო?
_ რა ვიცი, კაცების მეტი რა არის? _ შემომხედა.
_ და მერე მე რა, ისინი რომ არიან?
_ არ თქვა ახლა, არავინ მყავსო…
_ ნწუ… _ გავიქნიე თავი. _ რა, აუცილებელია?
_ რა ვიცი, მსგავსი პასუხი გოგოებისგან არასოდეს მომისმენია… ისა და, დარწმუნებული ხარ, რომ მამაკაცები მოგწონს?
_ ეს კითხვა ისე ჟღერს, _ ქალიშვილი ხარ? _ ვუპასუხე და გამეცინა.
_ კარგი, აღარაფერს გკითხავ, _ მითხრა და კოპი შეიკრა.
_ ნუ მებუტები, უბრალოდ, არავინ მყავს და მორჩა.
_ ასეთი გოგო… _ ვიცი ამ ფრაზის დაბოლოება, მარტო როგორ დადიხარ, თვალები არ აქვთ კაცებს?აღარ დავასრულებინე,
_ დაუბრმავდეთ ბიჭებს თვალები _ გავაწყვეტინე ფრაზა და გადავიხარხარე.
_ წამო, გავისეირნოთ…
_ წამო… _ გარეთ დავეხეტებოდით, რამდენიმე ნაყინი შევჭამეთ გზაში და სახლში აჟიტირებული დავბრუნდი.

თვე მერვე:
დილით მომწერა, რომ ჩემი ნახვა სურს. მართალია, სოციალური ქსელი პაემნის დასანიშნი მთლად კარგი გზა არ არის, მაგრამ მაგას ვჩივი?

თვე მერვე2:
_ შევხვდი, მაკოცა, ერთად ვიწექით…
რაღაც, ვენი, ვიდი ვიცივით კი გამომივიდა, მაგრამ…

თვე მერვე 3:
დილით ჩემი სახლიდან რომ მიიპარებოდა, ტუჩის კუთხეში ნაჩქარევად მაკოცა და…
_ 2 კვირაში გუდაურში წავიდეთ, კარგი? სამსახური და მოუცლელობა არ ვიცი მე! იცოდე! _ და ოთახიდან უკან მოუხედავად გავარდა. საბანში დავიმალე და სიხარულისაგან დავიკივლე…

თვე მეცხრე:
_ ბედნიერი ვარ!

თვე მეათე:
_ უბედნიერესი!

თვე მეთორმეტე:
_ სად ხარ?
_ სახლში მივიდივარ, შენ? რა იყო, რა ხმა გაქვს?
_ ჩემთან რომ მოხვიდე, შეგიძლია?
_ არა, დედაჩემი მელოდება. გვიან რომ იყოს?
_ როგორც გინდა. აუცილებლად მოდი, რა… გელოდები _ ვეუბნები და ყელში ბურთგაჩხერილი ვთიშავ ტელეფონს _ დავიღუპე!

თვე მეთორმეტე 2:
_ ორსულად ვარ.
_ რააა?
_ ორსულად ვარ! _ 2 ტონით ხმამაღლა ვუმეორებ და თვალებში ვუყურებ. ვუყურებ და ვამჩნევ, როგორ უგუბდება თვალებში შიში და პანიკა…
_ როდის გაიგე?
_ დილას…
_ რა ვქნათ? _ ღმერთო ჩემო, შეიძლება, გიყვარდეს ადამიანი, რომელიც შენ გეკითხება, თუ რა უნდა ქნათ? მე მხრებს ვიჩეჩ და დივანზე ვჯდები, არ ვიცი…

თვე მეთორმეტე 2:
_ როცა ტკივილით მოკრუნჩხული ექიმის კაბინეტიდან გამოვედი, ვიფიქრე, რომ არავინ ღირდა ამ ტკივილად! არც ჩემი მცდელობა (მისი შებმის) ღირდა ამად. სამომავლოდ მეცოდინება!

Posted in Novelette... | Tagged , | Leave a comment

ეჭვიანი ნაღვლიანი თვალებით…

ვაშაააა! საქართველოში ვარ! როგორც იქნა, ბებიაჩემს გამოვეღლიტე ხელიდან… 2 კვირის განმავლობაში ქსერქსე თბილისში, ძაღლების სასტუმროში მყავდა დატოვებული და დილა-საღამოს იმ სასტუმროს ადმინისტრატორთან ვრეკავდი და _ ძაღლს ჩემი ხმა მოასმენინეთ-მეთქი _ ვეუბნებოდი. ჰოდა, სანამ ის კაცი მოსაკლავად ფრაიბურგში თავისი ფეხით ჩამოვიდოდა, მე ვარჩიე თბილისში გადმოფრენა. ჩამოვედი და დამხვდა ათასი პრობლემა ჩემს ,,სილამაზის ბიზნესში”, სამზარეულოში გამსკდარი ონკანის მილი, მეზობლების ალიაქოთი და ბატონი ,,პოდ სოროკის კუჭის წყლული” _ გოგონა, რომელსაც უყვარს ნიკოლოზი, ნიკას არა, მაგრამ თავიდან (და სახლიდანაც ) ვერ მოუშორებია. ასე თქვა ჩემთან ბატონმა ნიკოლოზმა და თან დასძინა, ეს გოგო მაშინ გავიცანი, შენ რომ უარი მითხარი შეხვედრაზე, ყველაფერი შენი ბრალია და ახლა როგორც გინდა, ისე მომაშორეო. ელაპარაკე ახლა ამას… მართალია, ნახევრად ხუმრობით მითხრა ეს სიტყვები, მაგრამ მე სრული სერიოზულობით ვუპასეხე: _ ბედი შენი, მე რომ უარი გითხარი, თორემ ახლა გაცილებით უარეს დღეში იქნებოდი,< ვიდრე იმ გოგონასთან ერთად ხარ-მეთქი. შემოვბრუნდი და წამოვედი.
მოკლედ, ჩამოვედი და თითქოს ამოვისუნთქე. გუშინ მაგალითად, ხატვის გუნებაზეც მოვედი და საკმაოდ დიდი ხანი ვიჯექი სახეურავზე (ვხატავდი… ნუ, მანამდე მაინც, სანამ თითები ზედ არ შემომეყინა). მერე ეზოდან ლაშუკამ დამიძახა, _ ძაღლი გამოუშვიო და მივხვდი, რომ ჩემს ძაღლთან ერთად დაბლა ჩასვლა არც მე მაწყენდა. ჩამოვედი, მაგრამ სახლში შესვლა არ მეღირსა, ბავშვთან და ძაღლთან ერთად თბილისი მოვიარე… სხვათა შორის, ერთი ციგნის ბავშვი გავიცანი… ძალიან ნაღვლიანი თვალები ჰქონდა და მოწყალებასაც სხვებივით იერიშზე გადმოსვლით კი არა, მორიდებით ითხოვდა. გამოველაპარაკე, გიორგი მქვიაო… რა თქმა უნდა, გიორგი არ ერქვა, მისნაირი ადამიანები ძალიან ეჭვიანები არიან, არც მე მენდო. მესმის მისი, რატომ არ გამიმხილა სახელი. 80 თეთრი ვაჩუქე, მეტი არ აღმომაჩნდა ფული და ,,კინდერ შოკოლადის” შეკვრაც ჩავუჩურთე ჯიბეში. მგონი, მეორე საჩუქარმა უფრო გაახარა… თბილი თვალებით შემომხედა… წამოვედი, მაგრამ კიდევ მინდოდა მასთან ერთად დარჩენა. იმედია, კიდევ შემხვდება.

Posted in Uncategorized | Leave a comment

რა არის სიყვარული?

სიყვარული? ეს ის არ არის, ელექტროენერგიის გარეშე რომ შეუძლია ადამიანების ,,განათება”?
სიყვარულია, როცა გარეთ გასული უკან ბრუნდები, რომ მას ერთხელ კიდევ შეავლო თვალი წასვლამდე.
სიყვარულია, როცა მისი სახელის ხსენებისას თვალები და გული ,,გეკუმშება”, ხოლო პირი პირიქით _ ფართოვდება.
სიყვარულია, როცა ღამით ცალი ხელით მას ეძებ და თუ ვერ იპოვე, გეღვიძება.
სიყვარულია, როცა შეგიძლია უყურო, უყურო, უყურო… კიდევ უყურო და არ მოგბეზრდეს, არც დაიღალო!
სიყვარულია, როცა შეგიძლია, მას შეხედო და მთელი ქვეყანა დაინახო.
სიყვარულია, როცა მის გარეშე არავინ და არაფერი გინდა.
სიყვარულია, როცა თვალებს ხუჭავ და მაინც მას ხედავ.
სიყვარულია, როცა გაბრაზებული ხარ და მისი ხმა საოცრად გამშვიდებს.
სიყვარულია, როცა იცი, რომ მოვა და ელი, როცა იცი, რომ როცა მოვა, უბედნიერესი იქნები…
სიყვარულია, როცა ფიქრობ, ფიქრობ და უცბად აღმოაჩენ, რომ 20 წუთია, არ შეგხმიანებია და ძალიან გაბრაზდები.
სიყვარულია, როცა მისი კბილის ტკივილიც კი შენ გტკივა,
სიყვარულია, როცა უყურებ, რომ მიდის, ვერ აჩერებ და გტკივა.
სიყვარულია, როცა მას უშვებ იმ მიზეზით, რომ უფრო ბედნიერი იყოს.
სიყვარულია, როცა მასთან ჩხუბიც კი გენატრება.
სიყვარულია, როცა ერთი სული გაქვს, ვინმე სხვა გამოჩნდეს, რომ ის აღარ გახსოვდეს!
სიყვარულია, როცა ბოლომდე ვერ ელევი,
სიყვარულია, როცა გინდა, ძალიან ბედნიერი იყოს!
სიყვარულია, როცა მის ღიმილს უყურებ და სიხარულისგან ტირი.
სიყვარულია, როცა ერთად აღარ ხართ და მისი ტკივილი მაინც გტკივა.
სიყვარულია, როცა ყელში ბურთგაჩხერილი ურეკავ და შენს უიღბლობაზე უყვები,
სიყვარულია, როცა გინდა, შენს წინ იჯდეს და უბრალოდ, შენს ახალ შეყვარებულზე ელაპარაკებოდე…
სიყვარულია, როცა მაშინაც კი გენატრება, როცა შენს გვერდით ზის და გინდა, სულ თვალებში უყურებდე!
სიყვარულია, როცა ძალიან, ძალიან გენატრება და მიუხედავად იმისა,რომ ერთად აღარ ხართ, მაინც ყველაზე, ყველაზე შენია…
აი, ჩემთვის ესაა სიყვარული, ასე მიყვარდა და მიყვარს დღემდე.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ამერიკელი? არა, არც ეს…

წეღან დენთან გატარებულ დროს ვიხსენებდი, ვიყავით მაღალმთიან აჭარაში, ლაგოდეხში, ახალციხეში… კარგი კომპანიონი იყო, მაგრამ ასე მგონია, ხანდახან ჩემი არსებობა მაშინაც კი ავიწყდებოდა, როცა მასთან ერთად ვიყავი. უყვარდა, როცა მეხუტებოდა და თვალებს მიკოცნიდა, 2 თვის განმავლობაში მუდამ ჩემთან ერთად იყო. ვხვდებოდი, რომ ერთი სული ჰქონდა, სამსახურს როდის დაასრულებდა. რაღაცნაირი, არაამქვეყნიური იყო, ერთადერთხელ ვიწექი მასთან, მისთვის პირველი ქალი ვიყავი, _ ალბათ არავის მოვწონებივარ ისე, რომ ჩემთან დაწოლის სურვილი გასჩენოდაო _მითხრა. მიუხედავად ამისა, გამოუცდელობის არაფერი ეტყობოდა, ძაალიან ვნებიანიიყო და უფრო მეტად სექსუალური. თუმცა სექსზე გადარეული არ ყოფილა. ერჩივნა, ჩამხუტებოდა, ვიდრე გავეშიშვლებინე. ორჯერ დამხატა, ხატვა მართლაც კარგად გამოსდის, მისი ერთ-ერთი ნახატი დღეს სახლში მიკიდია…
ხშირად მსტუმრობდა, მაგრამ ღამით ჩემთან არასოდეს დარჩენილა, მოსწონდა ჩემი უბანი, დიდი სიამოვნებით ვიყიდდი აქ ბინასო… და კიდევ, ხშირად აღნიშნავდა, რომ ქალებს მეტად შესწევთ ძალა, სამყარო უკეთესად აღიქვან. ქალად დაბადება მართლაც რომ საინტერესოა, თუმცა ეს მასთან არ აღმინიშნავს, არ მინდოდა, მამაკაცად დაბადების გამო გული უარესად დასწყვეტოდა🙂
ყველაფერს წარსულში რატომ ვყვები? იმიტომ, რომ დენიც ჩემს წარსულს ეკუთვნის უკვე… ძალიან მიყვარს, მაგრამ სანამ ჩემს გულს საბოლოოდ დაიპყრობდა, გაცლა ვარჩიე… რამდენიმე თვეში ამერიკაში ბრუნდება, მე კი სულაც არ მინდა, გულდამწვარ შეყვარებულად ვიქცე. მოკლედ, ვიფიქრე, უკეთესი იქნებოდა, დროულaდ შემეწყვიტა ურთიერთობა და ასეც მოვიქეცი.
ეს ამბავი ერთ ჩემს გერმანელ მეგობარს რომ მოვუყევი, გაეღიმა და მითხრა: _ ამერიკიდან ძალიან ბევრი ნაგავი შემოდის, მაგალითად, როგორიცაა ,,მაკდონალდსი” (იმ წუთსაც ,,მაკდონალდსში” ვისხედით) მაგრამ ამ ქვეყანაში ბევრი კარგიც ახასიათებსო… შეჩერდა და დაამატა: _ ბევრ კარგ ამერიკელს ვიცნობო… რა თქმა უნდა, მათ შორის ერთ-ერთი დენიც იგულისხმებოდა…
მისგან ერთი ღამე დამრჩა. დღეს ვფიქრობ, რომ არ უნდა გამერისკა, მართალია, არ ვნანობ, მაგრამ არც იმით ვამაყობ, რომ მასთან ვიწექი. შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი ურთიერთობის უპერსპექტივობას, ხშირად ვფიქრობდი, რომ ჩვენს logve story-ს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ვცდილობდი,ეს ფიქრები მალევე გამომებერტყა თავიდან… თუმცა ერთ დღეს რეალობას თვალი გავუსწორე და გადაწყვეტილება მივიღე.
ისევ მარტო ვარ

Posted in Uncategorized | Leave a comment

შეხორცებული იარები.

,,მერე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა, თბილისი ისევ ციმციმებდა დაბლა და საოცრად ჰგავდა გულაღმა ამობრუნებულ ზეცას. მაღლა ისევ უსაზღვრო ცა იყო მოჭედილი დიდი და პატარა ვარსკვლავებით…”
ყოველთვის, როცა მამა დავითზე ავდივარ, ნოდარ დუმბაძე მახსენდება. მის საფლავთან პირდაპირ ფილებზე ვჯდები და ბევრს, ძალიან ბევრს ვფიქრობ… ახლაც აქ ვარ, ჩანთაში ლეპტოპი მეგულებოდა, ამოვიღე და ვწერ… ვწერ იმაზე, რაც მტკივა, ვწერ და მერე თითქოს იარები პირს იკრავს, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დგება, მხოლოს ნაწიბურებს ვერ შველის ვერაფერი. ამბობენ, რომ ეს ნაიარევები ბოლომდე არ შეხორცდება.
ცხოვრებაში არაფერი (მათ შორის არც დადებითი და არც უარყოფითი) უკვალოდ არ ქრება. ალბათ დღეს სწორედ ამიტომაც დამჭირდა ფსიქოლოგი, მაგრამ ვხვდები, რომ ამ იარებს ვერც მისი ,,სკალპელი” გაუმკლავდება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეხვეწებოდა ოზგური, ფსიქოლოგთან მივსულიყავი. 2 კვირის წინ კი დავრწმუნდი, რომ ამ პროფესიის ადამიანი მართლა მჭირდებოდა. გავითიშე, თითქოს რეალობას სრულიად მოვწყდი, არ ვიცოდი რისთვის, რატომ, როგორ ვაკეთებდი ამა თუ იმ რაღაცას. რეალობას ავცდი, ალბათ სხვა ქუჩაზე გადაუხვია და ვეღარ დავინახე. ასეა თუ ისე, დღეს უკეთ ვარ. დილას 3 წლის ნიცა იყო ჩემთან (მეზობლის ბავშვი, რომელიც ფაქტობრივად ჩემთან ცხოვრობს) და ყიყლიყოებს რომ ვწვავდით, ღიმილით მითხრა, _ მარუს, ისევ ისეთი ხარ, <აღარ ხარ სხვანაირიო… ჩემს ცვლილებებს ძალიან იოლად ამჩნევს, როცა ვითიშები, კალთაში მიჯდება და შეუძლია, მთელი დღე ამ პოზაში იყოს (ყოფილა კიდეც). ალბათ ნიცა ვერასოდეს წარმოიდგენს, რამხელა დახმარების გაწევა შეუძლია ჩემთვის. ის ჯაჭვია, რომელსაც ირეალურ სამყაროში მობანცალე ხელს ვჭიდებ და რეალობას ვუბრუნდები. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკეთ ვარ. ყოველ შემთხვევაში, წერა მაინც შემიძლია…
გუშიან ბებიამ შემამკო, ისეთები მითხრა, ნამუსმა შემაწუხა, მაგრამ გერმანიაში წასვლაზე მაინც ვერ დამითანხმა, არ მინდა, არ მინდა და მორჩა! მირჩევნია, აქ ვიყო, ჩემთვის წყნარად, მშვიდად… უი, სიწყნარეზე გამახსენდა, ნიკა (ჩემი პოდ სოროკის წარმომადგენელი) 1 კვირის წინ გალეშილი მომდგა. კარი რომ გავაღე, გაოცებისგან ლამის დავუსტვინე. ბოლოს როდის ვნახე, აღარც მახსოვდა. შემოვიდა, პუფში ჩაჯდა და _ ჩემი ცოლი ჩამოდისო, ისე ნაღვლიანად მითხრა, გადავირიე: _ მერე, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის-მეთქი? _ არ მინდა, ჩამოვიდეს, მივეჩვიე მარტოობას, წყნარად ვარ… ალბათ აღარც მიყვარსო… თურმე ორწლიანი განშორება ყოფილა საჭირო ცოლთან, რომ მიხვედრილიყო, უნდოდა თუ არა მასთან ცხოვრების გაგრძელება. მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ ჩვენმა ნიკოლოზმა 2 დღის ჩამოსული ცოლი ისევ თავისსავე ოჯახის წევრებს გადაულოცა. დაშორდნენ! აი, ამას კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი… ლაშუკა მამასთან დარჩა, როგორც ჩემი მეზობლები იტყოდნენ, ამ გოგომ კარიერას შესწირა ოჯახი (ჰუჰ, როგორ არ მიყვარს ეს ბრტყელ-ბრტყელი გამონათქვამები?!).
ნიკამ გუშინ ნართაულად გადამიკრა სიტყვა, შენთან დაახლოების წინააღმდეგი არ ვიქნებოდიო! უჰ, ახლა მე მკითხოს, როგორ მინდა ბებერი კაცი (არა და, ერთ დროს მიყვარდა!)?! მოკლედ, ესა-მეთქი, ისა-მეთქი, შენი დიდი ხათრიცა მაქვს, მაგრამ არა-მეთქიიიი…

Posted in Uncategorized | Leave a comment

არ მინდა მამიკოს ოღრაშები!

რაღაც ამ ბოლო დროს ,,ჩავარდნები” მაქვს, ვეღარც ვწერ, ვეღარც ვკითხულობ… ბოლოს მგონი 2 კვირის წინ დავასრულე წიგნი და მას შემდეგ ხელიც აღარ მომიკიდია (2 კვირა ჩემნაირი მკითხველისთვის მთელი საუკუნეა…). მკითხველზე გამახსენდა, ჩემს ფილმოთეკაში ერთი ფილმი მოიპოვება: The reader – მკითხველი, რომელიც საკმაოდ კარგი ფილმია, თუ ნახავთ, არ ინანებთ.
რაც შეეხება ჩემს გულაცრუებას წერისადმი, არც კი ვიცი რა ვთქვა, ვზივარ სახლში მარტო, გამახსენდება ჩემი ბლოგი და მერე ვცდილობ, როგორმე მასზე ფიქრი მოვიშორო. თითქოს რაღაც გული არ მიმიწევდა წერისკენ… რა თქმა უნდა, ამ ჩემს აპათიურ მდგომარეობას ქსერქსე მეტისმეტად ხმამაღლა აპროტესტებდა, რამაც საბოლოოდ მომიშალა ნერვები და სიმართლე გითხრათ, მისი ყეფის გამგონე, წერაზე კი არა, მტკვარში გადახტომაზეც თანახმა ვიყავი. აი, სწორედ ამიტომაც ვზივარ ახლა ჩემს კომპთან და კლავიატურაზე ვაცეკვებს ხელებს. მისი აღმატებულება ქსერქსე გვერდით მიზის და ერთი სული აქვს, როდის გავასეირნებ, ფისები უნდა ალბათ, მაგრამ ნუუურას უკაცრავად, ძლივს წერის ხასიათზე მოვედი და მისი თავი მაქვს ახლა?!
მინდა, რამე სიახლე დავწერო ჩემს თავზე, მაგრამ არაფერი მაგონდება… თუმცა მაგონდება, როგორ არა?! მაგრამ ამას სიურპრიზად შემოვინახავ. აბა, მაგის მეტი სიახლე არაფერია, თუ არ ჩავთვლით ჩემს ცხოვრებაში ძალით შემოჭრილ ქართველ ოღრაშ, მამიკოს რამდენიმე ბიჭს, რომლებიც ჩემდა სამწუხაროდ, შემთხვევით გავიცანი (სხვადასხვა დროს) და მათგან 2 ყოველდღე ჩემს სახლთან მხვდებოდა. ბოლოს უკვე ჭკუიდან გადამიყვანეს, მაგრამ ამაზეც გადავალ.
არა და, რომ შეხედავ, თითქოს არც არაფერი აკლიათ, არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, სიტყვა-პასუხსაც არაუშავს, მაგრამ არა, რა! ვერ ვიტან ამ ,,ჩადოგმატებულ” სწორხაზოვნად მოაზროვნე სათვალიან ტიპებს!
გოგოს გაიცნობ? კაფეში უნდა დაპატიჟო, მერე მანქანის გასაღები გაამარიაჟო, მერე ტელეფონი… საწყლებისთვის გამარიაჟების საშუალებაც არ მიმიცია, მეეეტი საქმე არ მაქვს! რას ამბობ, ჩემს ნერვებს შიგ ძირში ალპობს მათი სიგოიმე და სნობიზმი. არა და, სიტყვა ,,არას” მნიშვნელობაც რომ არ ესმით? ალბათ ვერც წარმოუდგენიათ, მათნაირ უმშვენიერესობას როგორ უნდა უთხრას ვინმემ უარი შეხვედრაზე (იმის გაფიქრებაზეც კი მზარავს, რომ ქართველი გოგონების უმრავლესობა ასეთ ყეყეჩებზე ოცნებობს). მოკლედ, დღეს სამივე ერთდროულად მოვიფრთხვინე, დავისვენე და წერის ხასიათზეც მოვედი!
აააა, სიახლე? სიახლეზე მომდევნო ბლოგში დავწერ, თორემ მომაჭამა ქსერქსემ თავი🙂

Posted in Uncategorized | Leave a comment