,,წვიმის კაცი” – პოდ სოროკ…

  უკვე დიდი ხანია, სახლში მარტო თუ ვრჩები, საკუთარ ფიქრებს ვეღარ ვიმორჩილებ. ამას ქსერქსეც ხვდება და როგორც კი მამჩნევს, რომ მეტისმეტად შევტოპე, ცდილობს, გამართოს.

  აპრილი დაიწყო თუ არა, წვიმაც მოიყოლა. საშინლად ვერ ვიტან ჩამობნელებულ ქალაქს და წვიმის წვეთებს ჩემს ფანჯარაზე… მისაღებ ოთახში ვიჯექი, ფეხები ფანჯრის რაფაზე ამეყუდებინა, მუხლებზე დასვენებული ფანქარი და თაბახის ფურცლები როგორც დავდე, ისევე დარჩა. არც კი გამხსენებია, რომ ხატვას ვაპირებდი…

  ვუყურებდი, როგორ ,,ბანდა” წვიმა ჩემს წინა დღით ვაი-ვაგლახით გაწმენდილ ფანჯრებს და ვფიქრობდი… კაცმა არ იცის რაზე, უბრალოდ ვფიქრობდი და მორჩა. მოულოდნელად ქსერქსემ დაიყეფა, წინა ფეხებით რაფაზე შეხტა და ლამის ფანჯარაში გაყო გამურული ცხვირ-პირი… წინ გავიხედე და ფანჯარაში ჩემი ,,პოდ სოროკის წარმომადგენელი” დავინახე. ხელში თაბახის ფურცელი ეჭირა წარწერით: ,,ყავა გაქვს?”მუხლებს დავხედე და გული გამინათდა, რა კარგია, წეღან ხატვას რომ ვაპირებდი?! ,,კი!” დავწერე და ფანჯარას ავაკარი… ,,დამალევინებ?” – გაუნათდა ცხვირ-პირი. აზრზე ხართ?! ჩემი ტრფობის ობიექტი ყავა დამალევინეო – მთხოვდა! საინტერესოა, ქილა ფანჯრიდან უნდა ვესროლო თუ სახლში მესტუმრება? ,,ქილა ფანჯრიდან გადმოგიგდო?” ავაკარი ფანჯარას წარწერა და დავინახე, როგორ გადაიხარხარა. თითქოს ხმაც კი გავიგე… ,,შენი მომზადებული მირჩევნია” – მომიბრუნა ფურცელი. ,,გადმო” დავანახე წარწერა და წამოვდექი.

  ყავა, ყავა… ნეტავ, სად მაქვს შენახული?ყავისტი არ ვარ, ბებიაჩემის გამოგზავნილ 30 ევროიან ყავას მეზობლებს ვასხამ ხახაში. ის იყო, ზედა თაროზე შეჩურთული ყავის 3 ქილა ვიპოვე, რომ ზარმაც დარეკა და მალე ჩემს ჰოლში იბერტყავდა ქურთუკს… ისე, როგორც ამ რამდენიმე თვის წინათ… თვალები ისეთი მუქი ჰქონდა… მისაღებში პუფისკენ მივახედე, მეც მალე მოვალ-მეთქი ვუთხარი და ის იყო, გამობრუნებას ვაპირებდი, მეც წამოვალ სამზარეულოშიო – მითხრა. მაგიდასთან დაჯდა, ნათელი თვალებით ამომხედა და მკითხა: _ ცუდ ხასიათზე ხარ, არა? _ გამეღიმა… _ არ გშია? _ კი! – დამიქნია თავი და გამიხარდა. აი, რა გამიხარდა, თავადაც არ ვიცოდი. ალბათ უფრო 2 დღის წინ გაკეთებული სადილის გასაღება. _ ჩახოხბილს შეჭამ თუ სოსისები მოვხარშო?  _ ჩახოხბილი – იყო პასუხი და როცა ქვაბი ჩაიდანს მივუსკუპე გვერდით, სკამზე დავჯექი. _ ლაშა სად არის? მოვიკითხე მისი ვაჟი… _ ბებოსთანაა საბურთალოზე, 2 კვირა დარჩება.

  ჩახოხბილის პირველივე ლუკმის დაგემოვნებისთანავე _ ამას დამხმარე ქალი გიკეთებს, არა? – გამომხედა კმაყოფილმა. _ არა, ჩემი გაკეთებულია, დამხმარე არ მყავს! _ არაა!- უნდობლად შემომხედა. _ კი! – დავამშვიდე და ყავა დავასხი…

  მერე თბილ სამზარეულოში ვიჯექით და ვსაუბრობდით… მილიონი თემა მიმოვიხილეთ…თანდათანობით ვრწმუნდებოდი, რომ უფრო და უფრო მომწონდა… მითხრა, რომ თურმე დიდი ხანია, ჩემი დაპატიჟება სურს სახლში, მაგრამ თურმე ჩემს ხასიათს გამოდარება არ ეღირსა.მითხრა, რომ დიდი ხანია, მოწყენილს მხედავს. მისი ,,გადმოცხოვრების” პირველს ხანებში კი, ასეთი სულაც არ ვყოფილვარ (საინტერესოა, მაკვირდებოდა?)…  როცა მიხვდა, ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებდა, თემა სასწრაფოდ შეცვალა. აი, სწორედ ამიტომ მომწონდა ეს კაცი! გაცილებისას ცხვირზე ხელი ჩამომისვა და მარუს, ნურაფერზე იდარდებო – მითხრა. კარი რომ მივხურე, ჩემი ,,წვიმის კაცი” უკვე მიყვარდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s