შეხორცებული იარები.

,,მერე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა, თბილისი ისევ ციმციმებდა დაბლა და საოცრად ჰგავდა გულაღმა ამობრუნებულ ზეცას. მაღლა ისევ უსაზღვრო ცა იყო მოჭედილი დიდი და პატარა ვარსკვლავებით…”
ყოველთვის, როცა მამა დავითზე ავდივარ, ნოდარ დუმბაძე მახსენდება. მის საფლავთან პირდაპირ ფილებზე ვჯდები და ბევრს, ძალიან ბევრს ვფიქრობ… ახლაც აქ ვარ, ჩანთაში ლეპტოპი მეგულებოდა, ამოვიღე და ვწერ… ვწერ იმაზე, რაც მტკივა, ვწერ და მერე თითქოს იარები პირს იკრავს, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დგება, მხოლოს ნაწიბურებს ვერ შველის ვერაფერი. ამბობენ, რომ ეს ნაიარევები ბოლომდე არ შეხორცდება.
ცხოვრებაში არაფერი (მათ შორის არც დადებითი და არც უარყოფითი) უკვალოდ არ ქრება. ალბათ დღეს სწორედ ამიტომაც დამჭირდა ფსიქოლოგი, მაგრამ ვხვდები, რომ ამ იარებს ვერც მისი ,,სკალპელი” გაუმკლავდება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეხვეწებოდა ოზგური, ფსიქოლოგთან მივსულიყავი. 2 კვირის წინ კი დავრწმუნდი, რომ ამ პროფესიის ადამიანი მართლა მჭირდებოდა. გავითიშე, თითქოს რეალობას სრულიად მოვწყდი, არ ვიცოდი რისთვის, რატომ, როგორ ვაკეთებდი ამა თუ იმ რაღაცას. რეალობას ავცდი, ალბათ სხვა ქუჩაზე გადაუხვია და ვეღარ დავინახე. ასეა თუ ისე, დღეს უკეთ ვარ. დილას 3 წლის ნიცა იყო ჩემთან (მეზობლის ბავშვი, რომელიც ფაქტობრივად ჩემთან ცხოვრობს) და ყიყლიყოებს რომ ვწვავდით, ღიმილით მითხრა, _ მარუს, ისევ ისეთი ხარ, <აღარ ხარ სხვანაირიო… ჩემს ცვლილებებს ძალიან იოლად ამჩნევს, როცა ვითიშები, კალთაში მიჯდება და შეუძლია, მთელი დღე ამ პოზაში იყოს (ყოფილა კიდეც). ალბათ ნიცა ვერასოდეს წარმოიდგენს, რამხელა დახმარების გაწევა შეუძლია ჩემთვის. ის ჯაჭვია, რომელსაც ირეალურ სამყაროში მობანცალე ხელს ვჭიდებ და რეალობას ვუბრუნდები. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკეთ ვარ. ყოველ შემთხვევაში, წერა მაინც შემიძლია…
გუშიან ბებიამ შემამკო, ისეთები მითხრა, ნამუსმა შემაწუხა, მაგრამ გერმანიაში წასვლაზე მაინც ვერ დამითანხმა, არ მინდა, არ მინდა და მორჩა! მირჩევნია, აქ ვიყო, ჩემთვის წყნარად, მშვიდად… უი, სიწყნარეზე გამახსენდა, ნიკა (ჩემი პოდ სოროკის წარმომადგენელი) 1 კვირის წინ გალეშილი მომდგა. კარი რომ გავაღე, გაოცებისგან ლამის დავუსტვინე. ბოლოს როდის ვნახე, აღარც მახსოვდა. შემოვიდა, პუფში ჩაჯდა და _ ჩემი ცოლი ჩამოდისო, ისე ნაღვლიანად მითხრა, გადავირიე: _ მერე, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის-მეთქი? _ არ მინდა, ჩამოვიდეს, მივეჩვიე მარტოობას, წყნარად ვარ… ალბათ აღარც მიყვარსო… თურმე ორწლიანი განშორება ყოფილა საჭირო ცოლთან, რომ მიხვედრილიყო, უნდოდა თუ არა მასთან ცხოვრების გაგრძელება. მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ ჩვენმა ნიკოლოზმა 2 დღის ჩამოსული ცოლი ისევ თავისსავე ოჯახის წევრებს გადაულოცა. დაშორდნენ! აი, ამას კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი… ლაშუკა მამასთან დარჩა, როგორც ჩემი მეზობლები იტყოდნენ, ამ გოგომ კარიერას შესწირა ოჯახი (ჰუჰ, როგორ არ მიყვარს ეს ბრტყელ-ბრტყელი გამონათქვამები?!).
ნიკამ გუშინ ნართაულად გადამიკრა სიტყვა, შენთან დაახლოების წინააღმდეგი არ ვიქნებოდიო! უჰ, ახლა მე მკითხოს, როგორ მინდა ბებერი კაცი (არა და, ერთ დროს მიყვარდა!)?! მოკლედ, ესა-მეთქი, ისა-მეთქი, შენი დიდი ხათრიცა მაქვს, მაგრამ არა-მეთქიიიი…

About გულჩახდილი ქალი

მიყვარს და ვწერ...
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s